Sunday, March 16, 2014

სიმბოლისტები

"ჰაფეზის ვარდი მე პრუდონის ჩავდე ვაზაში,
ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის ბოროტ ყვავილებს
და რაც შემხვდება, შემაჩერებს შორეულ გზაში,
ჩემს ღვრია ლექსში დაისვენებს და დაიჩრდილებს”
       თამამად შეიძლება, ტიციან ტაბიძის ეს სიტყვები ქართველ სიმბოლისტთა, უფრო მეტიც _ ქართული ლიტერატურული გეზის სავიზიტო ბარათად მივიჩნიოთ. IV-V საუკუნეებიდან, ანუ იმ დროიდან მოყოლებული, სადაც ქართული მწერლობის ისტორია იღებს სათავეს, ჩვენი ლიტერატურა არ მოსწყვეტია მსოფლიო ლიტერატურის განვითარების ერთიან ხაზს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, ამიტომ, როცა ქართული ლიტერატურის სწავლებაზე მიდგება საქმე, ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
            მაინც როგორ შეიძლება გავიგოთ ცნობილი პოეტის ზემოთ მოყვანილი სიტყვები? რას უნდა ნიშნავდეს ბესიკის ბაღში ბოდლერის ყვავილების დარგვა? _ სწორედ ქართული ლექსის საფუძველზევე (და არა მისი უარყოფით), ქართული პოეზიის ნიადაგში არაქართული (მაგრამ პოეტის თანადროული ლიტერატურისთვის აქტუალური) პოეტური პრინციპების დამკვიდრებას. თუმცა "არაქართული" აქ მაინც, ალბათ, გაზვიადებული ნათქვამია, რადგან ქართველი ხელოვანები მათ, ვისი ესთეტიკური პრინციპების დამკვიდრებასაც ცდილობდნენ, თავიანთ ძმებს უწოდებდნენ, ძმა კი ქართული სულისთვის არ შეიძლება უცხო და მიუღებელი იყოს...
              ამჟამად ჩვენი მიზანი მხოლოდ ქართულ-ევროპული სამწერლო კავშირების ძიება კი არ არის, არამედ იმ ლიტერატურული მიმართულების მიმოხილვაც, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მომდევნო ხანის ქართულ პოეზიაზე. ვინ იყვნენ სიმბოლისტები? ვინ იყვნენ ქართველი სიმბოლისტები? ვინ ან რამ მოახდინა მათზე ზეგავლენა? რატომ ეწოდა მათ გაერთიანებას ასეთი, ერთი შეხედვით, უცნაური და თანაც ძალიან პოეტური სახელი?
    ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, ნიკოლო მიწიშვილი, გიორგი ლეონიძე, გრიგოლ რობაქიძე... ამ ადამიანებმა შეძლეს ქართულ ლიტერატურაში საკუთარი სიტყვის თქმა, კვალის დატოვება.
       სიმბოლისტების გაერთიანება უჩვეულო მოვლენა იყო ქართულ სინამდვილეში. მათი მოღვაწეობა ღრმა ისტორიული კატაკლიზმების ეპოქას დაემთხვა. სამოღვაწეო ასპარეზზე სიმბოლისტების გამოსვლამ ახალი შემოქმედებითი ბიძგი მისცა ქართულ ლიტერატურულ ცხოვრებას. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ საკუთარ შემოქმედებით ძალასა და ენერგიაში, ცდილობდნენ, ყოველივე დრომოჭმული წარსულისთვის მიებარებინათ და გაეცოცხლებინათ ქართული პოეტური სული, ქართული პოეზია, რომელიც, მათი აზრით, წლების მანძილზე სამიტინგო ტრიბუნად იყო გადაქცეული. აკი ამბობდნენ კიდეც: "საქართველოს ლანდურ არსებას მოვევლინეთ ჩვენ ახალი სხივმოსილობით და ოცნებადაკარგულ ხალხს ვასწავლით გზას მომავლის ცისფერ ტაძრისაკენ. საყვარელმა ნიმფებმა ასწიეს ფარდა ჩვენი სცენისა და ვგალობთ ოქროთი შემოსილი განახლების აქტიორები უსხივო ხალხის წინაშე” (პაოლო იაშვილი, "პირველთქმა”, ალმანახი "ცისფერი ყანწები”, #1, 1916 წ.).
მაინც რა არის სიმბოლიზმის როგორც ლიტერატურული მიმართულების არსი და რით განსხვავდება მისი ქართული ვერსია დანარჩენებისგან? 
           სიმბოლიზმი როგორც მიმდინარეობა (ლიტერატურაში, მუსიკასა და მხატვრობაში) საფრანგეთში მე-19 საუკუნის 70-80-იან წლებში წარმოიშვა. მან განვითარების მწვერვალს საუკუნეთა მიჯნაზე მიაღწია. სიმბოლისტებმა რადიკალურად შეცვალეს არა მარტო ხელოვნების სხვადასხვა დარგი, არამედ მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაც. მათი ლტოლვა ნოვატორობისკენ, კოსმოპოლიტიზმი და გავლენის ფართო არეალი მაგალითად იქცა ხელოვნების უამრავი მიმართულებისთვის. სიმბოლისტები იყენებდნენ სიმბოლოებს, ბოლომდე ართქმულ ფრაზებსა თუ სიტყვებს, ნართაულებს, მისტიკის ელემენტებს, გამოცანებს. მათი მკვეთრად გამოხატული პესიმიზმი ხშირად სასოწარკვეთამდეც კი მიდიოდა. ყოველივე "ბუნებრივი” სიმბოლისტებისთვის "მოჩვენებითი” იყო, რომელსაც არავითარი მხატვრული ღირებულება არ ჰქონდა.
        ტერმინი "სიმბოლიზმი” ხელოვნებაში პირველად ფრანგმა პოეტმა ჟან მორეასმა გამოიყენა თავის მანიფესტში ("სიმბოლიზმი”, 1886წ.), სიმბოლისტური ესთეტიკის ძირითადი პრინციპები კი პირველად ფრანგი პოეტების: შარლ ბოდლერის, პოლ ვერლენის, არტურ რემბოს, სტეფან მალარმეს, ლოტრეამონის _ შემოქმედებაში გამოვლინდა. ისინი ცდილობდნენ, თავიანთ ნაწარმოებებში გამოეხატათ თითოეული სულის ცხოვრება _ სავსე განცდებით, გრძნობებით, შთაბეჭდილებებით... ისინი ამდიდრებდნენ პოეტურ ლექსიკას ახალი გამომსახველობითი საშუალებებით.
          შეიძლება ითქვას, სიმბოლიზმი განასხვავებს ორ სამყაროს: მატერიალურსა და იდეურს. სიმბოლო იქცევა ერთგვარ პირობით ნიშნად, რომელიც ამ ორ სამყაროს აერთიანებს. ნებისმიერ სიმბოლოს ორი მხარე აქვს: განსაზღვრული და განმსაზღვრელი. ეს მეორე მხარე ირეალური სამყაროსკენაა პირშექცეული. ხელოვნება კი საიდუმლოს, მისტიკის გასაღებია.
        სიმბოლისტების მიერ შემოტანილი ყველაზე აშკარა ცვლილება პოეტიკის მხატვრული ხორცშესხმის ფორმას ეხება. სიმბოლიზმის კონტექსტში ხელოვნების ნებისმიერი ნაწარმოები იწყებს თამაშს სწორედ პოეტიკური აზროვნებით, პოეზია იქცევა აზროვნების ფორმად.
       რა ამოძრავებდათ ქართველ სიმბოლისტებს?
           მათი მიზანი ერთმნიშვნელოვანია: პოეზიის ხელახალი დამკვიდრება პოეტურობისგან დაცლილ სამყაროში: "ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გადაიქცეს უსაზღვრო, მეოცნებე ქალაქად, სადაც ცოცხალი ქუჩების ხმაურობა შესცვლის ყვავილოვანი ველების ზურმუხტობას... ჩვენ გვსურს, შევქმნათ გაუგებარი და საოცარი სიტყვები, ჩვენ სიმღერებში თქვენ დაინახავთ მრავალ ფერებს, რომელთა ხალისიანი ცეკვა გააგიჟებს თქვენ მიძინებულ თვალთა ცქერას” (პაოლო იაშვილი).
             ქართველი პოეტების თქმით, სიმბოლიზმის ფორმულა არის: "ინდივიდუალიზმი ლიტერატურაში, შემოქმედების თავისუფლება, დასწავლილ ფორმულების უარისყოფა, ლტოლვა ყოველივე არაჩვეულებრივისადმი, უცნაურისადმიც კი. ის ნიშნავს კიდევ იდეალიზმს, სოციალურ რიგის ფაქტორების უგულებელ ყოფას, ანტინატურალიზმს, ტენდენციას, მიმართულს იქით, რაც არი ცხოვრებაში დამახასიათებელი, ტენდენციას მხოლოდ იმ ხაზების გადმოცემისას, რომელიც ერთ ადამიანს მეორისგან ანსხვავებს. სურვილს, დაიჭირო ის, რაც არსებითია...” (ტიციან ტაბიძე).
       ქართველ სიმბოლისტთა პირველი ალმანახი 1916 წელს გამოვიდა. ამ დროს მსოფლიო ომი მძვინვარებდა, რომელშიც, ძალაუნებურად, საქართველოც იყო ჩაბმული. ირგვლივ მხოლოდ სიკვდილსა და შიმშილზე ლაპარაკობდნენ, ვიღას ახსოვდა პოეზია?!
1915 წელს ორი დიდი ქართველი პოეტი, აკაკი და ვაჟა, გარდაიცვალა. 1916-ში კი "საქართველოს ლანდურ არსებას" ხმამაღალი განცხადებებით მოევლინნენ 20 წლის ტიციან ტაბიძე და კოლაუ ნადირაძე, 21 წლის პაოლო იაშვილი და სხვები. ისინი რაღაც ახლის, გამორჩეულის შექმნას ცდილობდნენ და შექმნეს კიდეც "ცისფერი ყანწები”: ცისფერი, როგორც რომანტიზმის ფერი და ყანწი, როგორც თრობის სიმბოლო _ ერთგვარი რომანტიკული თრობა, პოეზიით თრობა. ერთი შეხედვით, ეს ორი რამ შეუთავსებელია. ამის თაობაზე ტიციან ტაბიძე წერდა: "საქართველოში "ცისფერ ყვავილს” ღერო წითელი ჰქონდა. ქართველებისთვის ცა და მიწა სამუდამოდ არასოდეს არ გაყრილან”. შესაბამისად, არც ამ სიტყვათა კავშირი უნდა ყოფილიყო ქართველებისთვის უცხო.
როგორ მიიღო ახალი პოეტური დაჯგუფება საზოგადოებამ? ჯერ გაიოცეს, მერე კი საშინელებები დასწამეს (თუმცა იყო ხალხი, რომელიც მათში დიდ პოტენციალს ხედავდა), მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მათთვის, თავიანთი სიტყვა ეთქვათ და პირველობა ჰქონოდათ ქართულ პოეზიაში.
იყვნენ თუ არა ცისფერყანწელები სიმბოლისტები იმ გაგებით, რომელსაც აღნიშნული ცნების ენციკლოპედიური განმარტება იძლევა? ამაზე ჰოც შეიძლება ითქვას და არაც. ტიციან ტაბიძის მიერ მიღებული ფორმულა სიმბოლიზმისა არა თავად მას, არამედ ფრანგ მწერალს რემი დე გურმონს ეკუთვნის და იქ მიმართულების არსი ისეა განსაზღვრული, როგორც ამას ქართველი პოეტები იზიარებდნენ.
რატომ შეიძლება, მაშ, არას თქმა?
იმიტომ, რომ ქართველი სიმბოლისტები ვერ მოთავსდებიან სიმბოლიზმის ჩარჩოებში, რადგან მათთვის მნიშვნელოვანი სწორედ ბესიკის ბაღში ახალი ყვავილების ჩარგვაა. ისინი ვერ მოსწყდებიან ქართული პოეზიის ტრადიციული განვითარების ხაზს.
დასასრულ, აღვნიშნავთ, რომ ცისფერყანწელთა პოეზიას პედაგოგიური და სამეცნიერო სამყაროსთვის კარგად ნაცნობი არაერთი შესანიშნავი კვლევა ეძღვნება. ჩვენ გვსურდა, ქართველ პოეტთა გახსენებით მკითხველთა ყურადღება კიდევ ერთხელ მიგვეპყრო იმისკენ, რომ ქართული პოეზია არ არის მოწყვეტილი მსოფლიო ლიტერატურულ პროცესებს, ქართველ სიმბოლისტთა პოეზიაში კი ჩვენთვის საინტერესო ბევრ კითხვაზეა პასუხი გაცემული.

                                                                      ჟურნალი ,,მასწავლებელი"

No comments:

Post a Comment